გილოცავთ…. სანდრო ბაზაძე “თბილისის თასი 2022”-ის გამარჯვებულია !
გილოცავთ…. სანდრო ბაზაძე “თბილისის თასი 2022”-ის გამარჯვებულია !
16-03-2022
გილოცავთ…. სანდრო ბაზაძე “თბილისის თასი 2022”-ის გამარჯვებულია !

მსოფლიო თასს ხმლით ფარიკაობაში „თბილისის თასი 2022“-ს სპორტის სასახლე მასპინძლობს.

სანდრო ბაზაძემ შესანიშნავად იასპარეზა და ფინალში გავიდა, სადაც რუს იბრაგიმოვს შეხვდა, დამაჯერებელი ანგარიშით 15:8 დაამარცხა და პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ეს ისტორიული შედეგია, რადგან სანდრო ბაზაძე არის პირველი ქართველი მოფარიკავე, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო.

სანდრო ბაზაძე მოხმალავეთა საერთაშორისო კლასიფიკაციაში თბილისის ტურნირამდე მეხუთე იყო, ამიტომ, დებულების თანახმად, რეიტინგით სხვა 15 უძლიერესთან ერთად საკვალიფიკაციო ეტაპში არ მონაწილეობდა - ორთაბრძოლებში პირდაპირ პლეი ოფიდან ჩაება. სტარტზე რუს ოლეგ პეტროვსკის აჯობა - 15:8, შემდეგ სანად გემეშს (უნგრეთი) მოუგო – 15:10, მესამე წრეში დაამარცხა გუნდურში 2021 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და აზიის ჩემპიონატების სამ-სამგზის გამარჯვებული და პირადში ბრინჯაოს პრიზიორი კორეელი ჯუნ-ჰო კიმი (კორეა) – 15:7, მის კვალს გაუყენა გუნდურში პირველი ევროპული თამაშების ჩემპიონი ჯოვანი რეპეტი (იტალია) – 15:10. ნახევარფინალში მსოფლიოს ჩემპიონს, ევროპის ჩემპიონატების ორგზის ვერცხლისა და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორ ბოლად აპიტის (საფრანგეთი) სძლია – 15:10. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში მსოფლიოს ჩემპიონატების ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატების ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელ კამილ იბრაგიმოვს (რუსეთი) 15:8 მოუგო და მსოფლიოს თასი მოიპოვა. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა ნახევარფინალში ოლიმპიური თამაშების ორ-ორი ოქროს და ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჯონ-ჰვან კიმი (კორეა, 15:12) დაამარცხა, რომელმაც ტოკიოს თამაშებზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სანდრო ბაზაძეს აჯობა.

თბილისის ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ჩვენი ქვეყნის მოხმალავეთა ნაკრების წევრმა, 23-წლამდელებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა ბექა ბაზაძემ. ჯგუფში მან ოთხ მოფარიკავეს სძლია, პლეი ოფშიც ოთხი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან, მეხუთე შეხვედრა ამერიკელ მოწინააღმდეგესთან ორი ჩხვლეტით წააგო და მე-15 ადგილზე გავიდა.

ბექა ბაზაძე - ოლექსანდრ კარაკაი (უკრაინა, 5:4), მოჰამად ალამრი (სამხრეთი აფრიკა, 5:1), ფლორიან შიკელე (საფრანგეთი, 5:2), ჯოვანი რეპეტი (იტალია, 5:2); ორი შეხვედრა წააგო სორინ ეფტიმსა (რუმინეთი, 4:5) და ზუჰრიდინ კოდიროვთან (უზბეკეთი, 4:5), პლეი ოფი. ნოლან უილიამსი (აშშ) – 15:8, სტიაპან კოვალი (ბელარუსი) – 15:5; გიეონდონგ დო (კორეა) -15:10, დერილ ჰომერი (აშშ) - 15:13, ენდრიუ მაცკიევიჩი (აშშ) - 13:15.

საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. სანდრო ბაზაძე (საქრთველო), 2. კამილ იბრაგიმოვი (რუსეთი), 3. ბოლად აპიტი (საფრანგეთი), ჯონ-ჰვან კიმი (კორეა).

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საპრიზო ადგილებისთვის ქალებიც იბრძოდნენ. წინასწარ შეხვედრებში, როგორც ვწერდით, წარმატებით იფარიკავა ევროპის 2017 წლის ჩემპიონმა თეოდორა კახიან-მეკლინგმა, რომელმაც ჯგუფში ექვსი შეხვედრა გამართა. დაამარცხა ხუთი მეტოქე - ქეით დეიკინი (დიდი ბრიტანეთი, 5:4), სიგლეტონ-კომფორტი (აშშ, 5:1), მოჰამედ ბელკებირი (ალჟირი, 5:3), იასმინა აბდულაევა (უზბეკეთი, 5:1), ზარიფა ჰუსეინოვა (აზერბაიჯანი, 5:3) და ერთადერთი ორთაბრძოლა ზარიფა სიესლართან (პოლონეთი, 1:5) წააგო. 64 საუკეთესოში მან აზერბაიჯანელი სევილ ბუნიატოვა 15:9 დაჯაბნა, მაგრამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ მანონ ბრუნე-აპიტისთან (საფრანგეთი) 9:15 დამარცხდა და 27-ე ადგილი დაიკავა.

კვარცხლბეკზე ავიდნენ: კაროლინ კეროლი (საფრანგეთი), 2. ტეოდორა კუნტურა (საბერძნეთი), 3. იანა ეგორიანი (რუსეთი), როსელა გრეგორიო (იტალია).