ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები დასრულდა ... საქართველო გუნდურ ჩათვლაში, 206 დელეგაციას შორის, 33-ე ადგილზე გავიდა... საქართველოსთვის ეს მხოლოდ ისტორიულ შედეგი არ არის (ერთ ოლიმპიადაზე აქამდე 8 მედალი არ მოგვიპოვებია), ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და რომ არა, ცოტა უიღბლობა და რამდენიმე გაუგებრობა საქართველო კიდევ უფრო წინ იქნებოდა! დევიზი: „უკეთ ვიდრე რიოში’- შესრულებულია! ქართული სპორტის ქომაგი დღეს სინანულით საუბრობს: მეტიც შეიძლებოდა ... დაგვჩაგრეს ... არ გაგვიმართლა!!! დიახ, შეიძლებოდა ... დაგვჩაგრეს ... არ გაგვიმართლა !!! და ეს სიტყვები პირველ რიგში სანდრო ბაზაძეს ეხება, ქართველ ხმლით მოფარიკავეს, რომელმაც თავისი ბრძოლით, ჟინით, თავდადებით ყველა აღაფრთოვანა, მაგრამ რაც მოხდა ყველამ ნახა, ხალხს ვერ მოატყუებ. არა მხოლოდ ქართველმა, არამედ ყველა ქვეყნის გულშემატკივარმა დაინახა, ყოველ შემთხვევაში ვისაც სურდა, რაც მოხდა. ბევრი დარწმუნდა, ბევრმა დაიჯერა, ბევრმა გაიგო, რომ 28 წლის ქართველი თავის გამორჩეული მანერით დღეს მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მოფარიკავეა. სანდრო ბაზაძემ ტოკიოში „მასუჰარა მესეს“ საგამოფენო ცენტრში, გახსნიდან მეორე დღესვე, 24 ივლისს იასპარეზა. ოლიმპიური თამაშები, რომელშიც უძლიერესი ათლეტები გამოდიან, სხვა ტურნირებიდან გამორჩეული და განსხვავებულია. გამონაკლისი არც კაცთა შორის ხმლით ფარიკაობის შეჯიბრი გამოდგა, როდესაც ფავორიტებმა საწყის ეტაპებზევე წააგეს. სანდრო ოლიმპიურ თამაშებზე ფიზიკურად და მორალურად მომზადებული შეხვდა, რაც მას პირველივე ბრძოლაში ეტყობოდა, ნიჭიერი ეგვიპტელი მოჰაბ სამერი დამაჯერებლად 15-10 დაამარცხა. შემდეგი მეტოქეც ეგვიპტელი ზიად ელსისი გახლდათ, რომელმაც სენსაციურად რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრს ვენიამინ რეშეტნიკოვს სძლია. თუმცა კიდევ ერთი ეგვიპტელი ქართველი მოფარიკავისათვის რთული დასამარცხებელი არ გამოდგა, სანდრომ ბრძოლა 15-12 მოიგო. მეოთხედფინალში წილისყრის მიხედვით მოსალოდნელი დაპირისპირება შედგა, სანდრო ბაზაძე რეიტინგის ნომერ პირველი მოფარიკავის სამხრეთ კორეელი სან გუკ ოს წინააღმდეგ. უძლიერეს მოფარიკავედ აღიარებული კორეელისთვის ეს პირველი ოლიმპიადა გახლდათ და სპეციალისტთა აზრით მთავარ ფავორიტათაც მიიჩნეოდა. დაძაბული ბრძოლა ქართველმა მოფარიკავემ მცირე უპირატესობით წარმართა და 15-13 იმარჯვა... მთავარი ფავორიტის დამარცხების შემდეგ ფინალის საგზურისათვის სანდრო ბაზაძეს, ბრძოლა ძალიან გამოცდილი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, უნგრელი არონ შილაგის წინააღმდეგ ქონდა, რომელმაც გზა ნახევარფინალამდე ძალიან იოლად გაიარა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ უნგრელთან ერთად სანდროს მსაჯებიც ებრძოდნენ. საყოველთაო აღიარებით 13:13-ზე მსაჯები შეცდნენ ... საბოლოოდ კი 13:15. ბრინჯაოს მედლისთვის ქართველმა მოფარიკავემ, უკვე ნირწამხდარმა იასპარეზა და კიდევ ერთ სამხრეთ კორეელ ჯუნ ხვან კიმთან 11:15 წააგო. საბოლოოდ სანდრო ბაზაძემ, თავისი მეორე ოლიმპიადა მეოთხე ადგილზე დაასრულა. ამ შედეგით ქართველი მოფარიკავე მსოფლიო რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე გადავიდა. ტოკიო2020 დასრულდა, მთავარი ბრძოლები კი წინაა, დღეს სანდრო უფრო ძლიერია, ვიდრე ერთი თვის წინ. სპორტსმენმა, რომელიც საკუთარ ოჯახთან ერთად ფარიკაობით ცხოვრობს, წარმოუდგენელია სწორი დასკვნები არ გააკეთოს და სოკ-ის ახალი დევიზი „უკეთ ვიდრე ტოკიოში“ არ შეასრულოს! წარმატებები სანდრო ბაზაძეს, წინ ახალი თავგადასავალია სახელად პარიზი2024 ....