ბუდაპეშტი მსოფლიო თასი
ბუდაპეშტი მსოფლიო თასი
09-03-2021
ბუდაპეშტი მსოფლიო თასი

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ფარიკაობაში მსოფლიო თასი გაიმართება. 11-14 მარტს უნგრეთის დედაქალაქი, ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასს უმასპინძლებს. ბუდაპეშტის ოლიმპიურ ცენტრში, ოთხი დღის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავე ქალები და კაცები, ჯერ ინდივიდუალურ, შემდეგ კი გუნდურ ასპარეზობაში გამოვლენ. უნგრეთში საქართველოს სახელს 11 მოფარიკავე დაიცავს.
11 მარტს, საქართველოს დროით 13:00-ზე შეჯიბრს კაცები გახსნიან, ბუდაპეშტის ოლიმპიური ცენტრის ბილიკზე ბექა ბაზაძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია, გოგა კაკაურიძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი და ვახტანგ არჩვაძე იასპარეზებენ. ხუთშაბათს საუკეთესო 48 გამოვლინდება, რომელთაც რეიტინგის საუკეთესო 16 მოფარიკავე, მათ შორის სანდრო ბაზაძეც დაემატება და 13 მარტს მედლებისთვის იბრძოლებენ.
13 მარტს მედლებისათვის ქალებიც იასპარეზებენ, თუმცა მანამდე წინა დღეს, 12 მარტს წინასწარ ბრძოლებს ჩაატარებენ, საქართველოს სახელს: თეოდორა კახიანი, ლიკა ჯიჯეიშვილი, დარია ილიაში და ალექსანდრა კუვაევა დაიცავენ.
დარია ილიაში, საქართველოს სახელით 2017 წლიდან მოასპარეზე დარია ანტონოვაა, რომელიც ცნობილ უნგრელ მოფარიკავე ნიკოლას ილიაშზე გათხოვდა და ამიერიდან მეუღლის გვარით იასპარეზებს. ალექსანდრა კუვაევასთვის კი ეს პირველი დიდი შეჯიბრია, ის მხოლოდ 13 წლისაა და რამდენიმე დღის წინ საქართველოს ჩემპიონი გახდა, როგორც კადეტ, ასევე იუნიორ მოფარიკავეთა შორის.
14 მარტს, როგორც კაცთა, ასევე ქალთა შორის გუნდური შეჯიბრი გაიმართება.