არინა კორნეევა
არინა კორნეევა
23-09-2021
არინა კორნეევა
ბავშვობაში როდესაც მეკითხებოდნენ, რა უნდა გამოხვიდე? - ყველას ვპასუხობდი: ოლიმპიური ჩემპიონი! - ბავშვობის ოცნების ასრულებაში 25 წლის სპორტსმენს, რომელსაც სამშობლოში ახალგაზრდულ ასაკში, არა საკუთარი სურვილით კარიერის დასრულებაც კი მოუწია, ამჯერად საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია და პირადად მისი პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე ეხმარება.
გაიცანით: ეს არის დაშნით მოფარიკავე არინა კორნეევა.
არინა სამარაში დაიბადა და 3 წლიდან ტანვარჯიშით იყო გატაცებული, 9 წლისამ მწვრთნელების მკაცრი და უხეში დამოკიდებულება ვეღარ აიტანა და მიუხედავად არცთუ ცუდი შედეგებისა ვარჯიშზე უარი თქვა.
შემდეგ კი ერთი შეხედვით ერთმა ჩვეულებრივმა დღემ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა, არინამ ტელევიზიით მადონას კლიპი Die Another Day ნახა (ვიდეო რგოლში საკმაოდ ორიგინილურადაა წარმოჩენილი ფარიკაობა). არინას ერთი წელი დაჭირდა დაერწმუნებინა მშობლები, რომ ფარიკაობის სექციაში მიეყვანათ. სურვილი და მონდომება იმდენად დიდი იყო, რომ წარმატებები მალე მოიპოვა, ჯერ ქალაქისა და მხარის, შემდეგ ქვეყნის, ბოლოს კი საერთაშორისო მაშტაბით. 14 წლის ასაკში შეასრულა „სპორტის ოსტატის“ ნორმატივი, თუმცა ასაკის გამო, მომავალ წლამდე მოცდა და იგივე წარმატების განმეორება მოუხდა, რათა „სპორტის ოსტატის“ წოდება მიენიჭებინათ. შიდა და საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებებით, 2011/12 წლებში კადეტთა ევროპული რეიტინგის ლიდერი გახლდათ, მომავალ წელს კი მეორე პოზიციაზე დაასრულა. 2013 წელს ევროპის კადეტთა პირველობაზე არინა სკოლიშევამ (დღეს მეუღლის გვარზეა) ბუდაპეშტში გუნდური ვერცხლის მედალი მოიპოვა, პირად პირველობაში კი მე-5 იყო.
რთული და მტკივნეული იყო, მაგრამ 20 წლის ასაკში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. პრიორიტეტი სწავლა გახდა, პარალელურად მწვრთნელობაც დაიწყო, თუმცა ბილიკზე დაბრუნება და ცხოვრების ოცნების ასრულება ძალიან სურდა, უბრალოდ რუსეთში კარიერის გაგრძელების აზრს ვერ ხედავდა.
აქტიურ ფარიკაობაში ისევ შემთხვევით დაბრუნდა. გაზაფხულზე რუსეთში მიმდინარე ერთერთ მსოფლიო თასზე, სტუმრის სტატუსით მყოფი, ძველი ნაცნობს, მსოფლიოში ერთერთი გამორჩეულ დაშნის მწვრთნელს, ფრანგი დანიელ ლევავასერს შეხვდა. რომელმაც იცოდა არსებული სიტუაცია. განიცდიდა, რომ ერთ დროს ძალიან ნიჭიერმა მოფარიკავემ ნაადრევად დაასრულა კარიერა, ბილიკზე დაბრუნების ერთერთ ვარიანტად სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა შესთავაზა. გაიხსენა, რომ მსგავსი პრაქტიკა მაგალითად საქართველოს ჰქონდა, სადაც მისი თანამემამულე და კოლეგა კრისტიან ბაუერი კონსულტანტი გახლდათ და ფედერაციის პრეზიდენტთან შუამდგომლობას დაჰპირდა.
შემდეგ იყო კიდევ ერთი ნატვრის ასრულება - ვიზიტი საქართველოში. პირადი ნაცნობობა ფედერაციის პრეზიდენტთან, საქართველოსა და ქართველ ხალხთან. გადაწყვეტილება სწრაფად იქნა მიღებული. მეუღლესთან, მოყვარულ მოფარიკავე ზახარ კორნეევთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოსვლა. მთავარი მიზეზი, მის ძალიან დიდ სურვილთან ერთად, ის გარემო იყო, რომელიც მას თბილისში დახვდა, მერაბ ბაზაძის ხედვა და სურვილი ფარიკაობის განვითარებისა და სულ სხვა დონეზე აყვანის, რაშიც არინა კორნეევას დიდი სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს.
ახალი სპორტსმენი გუნდში. ეს ყოველთვის დიდ სიფრთხილესთანაა დაკავშირებული. ვიღაც კმაყოფილია და საერთაშორისო გამოცდილების მიღების შანსს ხელიდან არ უშვებს, ზოგს კონკურენციის ეშინია. ამ ასაკში პროფესიონალი სპორტსმენი ყოველთვის ათვითცნობიერებს, რომ სახლიდან, ახლობლებისა და მეგობრებისგან შორს ყოფნა უფრო დიდი პასუხისმგებლობაა.
არინას ოცნება დღესაც იგივეა, რაც ბავშვობაში - ოლიმპიური ჩემპიონობა... და დღეს მადლობელია, იმ ქვეყნის, იმ ფედერაციის, იმ ადამიანების, რომელთაც მას შანსი მისცეს, პირადად მერაბ ბაზაძის .... თავის მხრივ არინა კორნეევა პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახაროს.