ქართული ფარიკაობის ისტორია

საქართველოში ფარიკაობის ხელოვნებას უძველესი დროიდან იცნობდნენ და უმთავრესად სამხედრო საქმეში იყენებდნენ. ხევსურეთში დღემდეა შემორჩენილი ფარიკაობის ორიგინალური სტილი, რომელიც გამოირჩევა პირდაპირი საბრძოლო დგომით, შეტევითი და თავდაცვითი ილეთების მრავალფეროვნებით, ფარითა და ხმლით მოქმედების სინქრონულობით. ხევსურულისგან არსებითად განსხვავებულია ე.წ. კლასიკური ფარიკაობა.

საქართველოში ფარიკაობის სასწავლო ჯგუფი XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩამოაყალიბა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ავსტრიელმა პედაგოგმა, რუსეთის ქვეშევრდომმა რუდოლფ ვაისმა. 1887 წელს ფარიკაობას თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსწავლეებიც გაეცნენ, 1894 წელს კი გადამდგარმა ოფიცერმა პეტრე სალტიკოვმა თბილისში დააარსა ფარიკაობის მოყვარულთა პირველი წრე. მანვე კომერციული მიზნით 1900 წელს გახსნა საფარიკაო დარბაზი. მოგვიანებით თბილისს კიდევ ერთი დარბაზი შეემატა. აქ ძირითადად ვარჯიშობდა ოფიცრობა და საზოგადოების შეძლებული ფენა, რომელთა მიზანი იყო გართობა და არა შეჯიბრებებში მონაწილეობა.

საქართველოს მოფარიკავეები სსრკ ჩემპიონატში 1944 წელს ჩაებნენ, პირველი ოქროს მედლები კი 1948 წელს მოიპოვეს (დაშნა, გუნდური – გიგა ერისთავი; ხმალი, გუნდური – ალექსანდრე ბათმანოვი). 1949 წელს საკავშირო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა. ხმლით მოფარიკავეთა პირადი ტურნირი თბილისელმა ალექსანდრე ადაროვმა მოიგო. სპორტის ოსტატის ნორმატივი პირველებმა შეასრულეს კაცებში ოთარ დიდებულიძემ და ბორის ბონდარევმა (1941), ქალებში – იზოლდა ესაიაშვილმა (1958).

1950-იან წლებში თბილისში რამდენიმე საფარიკაო ცენტრი შეიქმნა, მათ შორის არმიის სპორტულ კლუბში, სპორტსაზოგადოება “დინამოსა” და ფიზკულტურის ინსტიტუტში. აქ მუშაობდნენ შემდგომში სახელოვანი მწვრთნელები: ლევ გოლოვნია, აკაკი მეიფარიანი, ანატოლი ფიოდოროვი. ფარიკაობამ ფეხი მოიკიდა ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, გაგრაში, ზესტაფონსა და რუსთავში, გაიხსნა სპეციალიზებული სპორტული სკოლა და ფარიკაობის ჯგუფები კომპლექსურ სპორტულ სკოლებში. ფარიკაობის მიმდევართა წრე ისე გაფართოვდა, რომ ოსტატის ნორმატივს ყოველწლიურად 10-15 სპორტსმენი ასრულებდა. მათგან საუკეთესოებს სსრკ ნაკრებში იწვევდნენ, რაც მაშინ დიდი წარმატება იყო. ამ გუნდის შემადგენლობაში პირველ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია დაშნით მოფარიკავე გურამ კოსტავამ, რომელმაც  1959 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

1960-იანი წლები ყველაზე წარმატებული გამოდგა ქართული ფარიკაობისთვის. გურამ კოსტავა გახდა პირველი ქართველი მოფარიკავეც, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოპოვა (ბრინჯაო, რომი1960), ოთხი წლის შემდეგ (ტოკიო1964) კი ხმლით მოფარიკავე ნუგზარ ასათიანმა ფარიკაობაში პირველი ქართველი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. ამ პერიოდში კოსტავამ ასათიანმა, ასევე იური ოსიპოვმა საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატებზე დიდ წარმატებას მიაღწიეს როგორც გუნდურ, ასევე პირად პირველობაში. მათ გარდა, 60-იანებში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს რევაზ ცირეკიძემ, მორის სახვაძემ, გურამ ლორთქიფანიძემ, ძმებმა გიორგი, კოტე და არჩილ გოგელიებმა, ნიკოლოზ ანდრიაძემ. ამ თაობის მოფარიკავეებს ავარჯიშებდნენ საქვეყნოდ ცნობილი მწვრთნელები: ტრიფონ მესხი, სიმონ საყვარელიძე, შოთა დარასელია.

ვლადიმერ აფციაური(მწვრთნელები – მალხაზ გაბუნია, სიმონ აჯიმამუდოვი). 1982-88 წლებში ვლადიმერ აფციაური გახდა ოლიმპიური ჩემპიონი (სეული-1988), მსოფლიო ჩემპიონი (1982), მსოფლიო ჩემპიონატის მეორე (1988) და სამგზის მესამე პრიზიორი (1982, 86, 90), ევროპის თასის მფლობელი გუნდურ ასპარეზობაში (1985), საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი პირად და გუნდურ პირველობაში (1984), უნივერსიადის მეორე პრიზიორი (1986). ამ პერიოდიდან საქართველოს თავისი წარმომადგენელი ყავდა ელიტარულ მსაკთა შორის, ვეტერანმა მოფარიკავე მორის სახვაძემ, ორ ოლიმპიურ თამაშებზე (მოსკოვი1980, ბარსელონა1992) იმსაჯა, 2004 წელს (ათენი) კი მსაჯთა დელეგატი გახლდათ.

დამოუკიდებლობის პირველ წლებში საქართველოში ფარიკაობის განვითარება შეფერხდა და წარმატებებმაც იკლო. 90-იანი წლებიდან ქართველი მოფარიკავეები საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებული წარმატების გარეშე გამოდიოდნენ. თუმცა რეგურალურად ტარდებოდა შიდა შეჯიბრებები სხვადასხვა ასაკში.  პირველი მოფარიკავე, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე (ატლანტა 1996) დამოუკიდებელი საქართველოს სახელით იასპარეზა არჩილ ლორთქიფანიძე გახლდათ.

წარმატებების ახალი ტალღა XXI საუკუნის მეორე ათწლეულში წამოვიდა. საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებს სათავეში ვეტერანი მოფარიკავე, მერაბ ბაზაძე ჩაუდგა. ასევე აღსანიშნავია მირიან კიკალიშვილის, ლუდვიგ ღაღანიძის,ნოდარ დიდიასა და სხვა მწვრთნელების ღვაწლი.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში (ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირებში) პირველი მედალი 2011 წელს იქნა მოპოვებული. კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ხმლით მოფარიკავე მიხეილ მარდალეიშვილი მესამე ადგილზე გავიდა. 2012 წელს, ევროპის 23 წლამდე მოფარიკავეთა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა ბაზაძემ.

2013 წელს, ქართველმა მოფარიკავემ ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე პირველი ოქრო მოიპოვა. ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ უნგრეთის დედაქალაქში გამართული შეჯიბრი მოიგო. ერთი წლის შემდეგ 2014 წელს სანდრო ბაზაძემ ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატშიც გაიმარჯვა, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა. ბექა ბაზაძემ კი თურქეთის ქალაქ ბურსაში გამართულ სატელიტში იმარჯვა.

2016 წელს, ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩეხეთის დედაქალაქში გამართული სალიცენზიო შეჯიბრი მოიგო და რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მოიპოვა, სადაც მეთექვსმეტედფინალში დასანანი მარცხი 14-15 იწვნია და საბოლოოდ მე-12 ადგილს დასჯერდა. სანდრო ბაზაძემ ამავე წელს, ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატი კიდევ ერთხელ მოიგო, ასევე გაიმარჯვა  სტამბულის სატელიტზე და მადრიდის მსოფლიო თასზე მეორე ადგილი დაიკავა.

2017 წელს თბილისმა პირველად სენიორთა ევროპის ჩემპიონატს, საყოველთაო აღიარებით, წარმატებით უმასპინძლა. შჯიბრების პირველივე დღეს ისტორიული შედეგი დაფიქსირდა, თეოდორა კახიანმა ხმლით ფარიკაობაში, პირველად ქართული ფარიკაობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა. რამდენიმე დღეში საქართველომ კიდევ ერთი ისტორიული მედალი მოიპოვა, ამჯერად ვაჟთა შორის ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს პრიზიორი სანდრო ბაზაძე გახდა. 2017 წელს კიდევ ორი ისტორიული შედეგი დაფიქსირდა,  მინსკში გამართულ 23 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე პირველად, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ვაჟთა ნაკრებმა (მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია) პირველი ადგილი დაიკავა. ასევე დამოუკიდებელი ქართული ფარიკაობის ისტორიაში, პირველი მედალი იქნა მოპვებული რაპირით ფარიკაობაში, ლუკა ღაღანიძემ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

მომდევო 2018 წელს, სანდრო ბაზაძემ, სერბეთში ევროპის ჩემპიონატზე წინა წლის შედეგი გაიმეორა და ზედიზედ მეორედ, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ამავე წელს, ჩინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია) ნახევარფინალში იასპარეზა და ისტორიაში საუკეთესო შედეგით, მე-4 ადგილით დაასრულა შეჯიბრი. 2018-ში კიდევ ერთი მედალი იქნა მოპოვებული ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე, ხმლით ფარიკაობაში ნიკა შენგელიამ მეორე ადგილი დაიკავა.

2019 წელი წარმატებით დაიწყო ქართველი მოფარიკავეებისათვის, პირველად ფარიკაობის ისტორიაში სანდრო ბაზაძემ გრან პრიზე მედალი მოიპოვა (კაირო, ბრინჯაო). რამდენიმე დღეში კი ნიკა შენგელია ევროპის იუნიორთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ახალგაზრდა სპორტსმენებთან ერთად ბოლო პერიოდში, წარმატებებს აღწევენ ვეტერანი სპორტსმენები, ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძე 2013 და 2014 წლებში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

საქართველოს სპორტსმენთა შედეგები         ოქრო ვერცხლი ბრინჯაო
ოლიმპიური თამაშები        2         2
მსოფლიო ჩემპიონატი        5       4       5
ევროპის ჩემპიონატი        1         2
გრან პრი           1
მსოფლიო თასი         1  
ოლიმპიადის სალიცენზიო        1    
სატელიტი        2       1       3

 

ოლიმპიური თამაშები
I ადგილი
ნუგზარ ასათიანი (ხმალი)1964*
ვლადიმერ აფციაური (რაპირა) 1988*
III ადგილი
გურამ კოსტავა (დაშნა)1960*, 64

მსოფლიოს ჩემპიონატი
I ადგილი
გურამ კოსტავა (დაშნა) 1961*, 63*
იური ოსიპოვი (რაპირა) 1962*
ნუგზარ ასათიანი (ხმალი) 1965*
ვლადიმერ აფციაური (რაპირა) 1982*

II ადგილი
გურამ კოსტავა (დაშნა) 1959*, 66*
ნუგზარ ასათიანი (ხმალი) 1961, 63

III ადგილი
ნუგზარ ასათიანი (ხმალი) 1962*
გურამ კოსტავა (დაშნა) 1963, 65
ვლადიმერ აფციაური 1(რაპირა) 985, 90*  –  * გუნდური შეჯიბრება

ევროპის ჩემპიონატი

I ადგილი
თეოდორა კახიანი (ხმალი)2017

III ადგილი
სანდრო ბაზაძე (ხმალი)  2017, 2018

გრან პრი
III ადგილი სანდრო ბაზაძე (ხმალი) 2019 კაირო

მსოფლიო თასი
II ადგილი
სანდრო ბაზაძე  (ხმალი) 2016 მადრიდი

სატელიტი
I ადგილი
ბექა ბაზაძე (ხმალი) 2014 ბურსა
სანდრო ბაზაძე (ხმალი) 2016 სტამბული

II ადგილი
სანდრო ბაზაძე (ხმალი) 2018 თბილისი

III ადგილი
ბექა ბაზაძე (ხმალი) 2016 სტამბული
მიხეილ მარდალეიშვილი (ხმალი) 2016 სტამბული, 2018 თბილისი