იური ოსიპოვი
იური ოსიპოვი
27-09-2021
იური ოსიპოვი

იური ოსიპოვი - ქართულ ფარიკაობის ოჯახის ერთერთი უხუცესი წევრი. ადამიანი, რომელმაც სპორტის ამ სახეობას, ათეული წლები მიუძღვნა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
დღეს ძნელია ახალი გაიხსენო ან თქვა მასზე, თუმცა ახალ თაობას უნდა ახსოვდეს. - ამ მცირე ვიდეო ინტერვიუში, რომელიც რამდენიმე წლის წინაა ჩაწერილი ბატონი იური თვითონ იხსენებს თავის ცხოვრებას...
გასახსენებელი კი ბევრია. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან. მელბურნის ოლიმპიურ თამაშებზე, საბჭოთა დელეგაციაში საქართველოდან ათ სპორტსმენს შორის ორი მოფარიკავე იყო, რევაზ ცირეკიძე და იური ოსიპოვი.
ავსტრალიაში გამოსვლის პერიოდში იური ოსიპოვი 19 წლის გახლდათ, ის ოლიმპიადაზე მონაწილე ქართველ მოფარიკავეთაგან ყველაზე უმცროსი მონაწილე გახლავთ.
მელბურნში პირად პირველობაში ოსიპოვმა 13 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ნახევარზე მეტი მოიგო, მათ შორის აღსანიშნავია გამარჯვება ლეგენდარულ იტალიელ, ექვსგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ედოარდო მანჯაროტისთან, რომელმაც ავსტრალიაში, 37 წლის ასაკში პირადში მესამე, ხოლო გუნდურში პირველი ადგილი დაიკავა.
გუნდურ ასპარეზობაში ოთხ მეტოქესთან საერთო ჯამში 16 ბრძოლა ჩაატარა. საბჭოთა ნაკრები მეხუთე ადგილზე გავიდა.
მანამდე და მას შემდეგაც იური ოსპოვმა არაერთი მედალი მოიპოვა. მის მდიდარ კოლექციაშია ყველა სინჯის უამრავი მედალი: ოქრო მსოფლიო ჩემპიონატიდან, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიდან, მსოფლიო უნივერსიადიდან, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან და თასის გათამაშებიდან.
აქტიური კარიერის შემდეგ, არანაკლებ აქტიური ცხოვრება, სხვადასხვა სამსახური, სხვადასხვა პოზიცია, თუმცა მთავარი - ფარიკაობა ყოველთვის იყო და რჩება .... ის ოჯახთან, შვილთან კოკი ოსიპოვთან ერთად დღემდე აქტიურადაა ჩართული, კომპანია აგროკომი ქართული ფარიკაობის ერთერთი მხარდამჭერია.
იური ოსიპოვი გახლავთ ფიე-ს ფეარ-პლეის კომიტეტის ჯილდოს მფლობელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და საქართველოს ფარიკაობის ფედერაცის საპატიო პრეზიდენტი.