მედია

კადეტებისა და იუნიორების ევროპის ჩემპიონატი თბილისში – საქართველოს დედაქალაქი ტურნირს 2026 წელს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესზე მიიღეს. საქართველოს კანდიდატურას მხარი 42 ქვეყანამ დაუჭირა

WhatsApp Image 2025 06 16 at 16.00.33 f0e05eb5

კადეტებისა და იუნიორების ევროპის ჩემპიონატი თბილისში – საქართველოს დედაქალაქი ტურნირს 2026 წელს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესზე მიიღეს. საქართველოს კანდიდატურას მხარი 42 ქვეყანამ დაუჭირა.

“ძალიან მინდა, რომ საქართველომ, რომელსაც ფარიკაობის მდიდარი ტრადიცია აქვს, ამ ღონისძიებით ისარგებლოს და ფარიკაობის პოპულარიზაციას ხელი კიდევ უფრო შეუწყოს, რაც, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოში ფარიკაობისადმი დიდი ერთგულება არსებობს. უკვე არაერთი წარმატებული ღონისძიება აქვს ჩატარებული და ქართველი სპორტსმენები ძალიან მოტივირებულები და პროფესიონალები არიან,”- განაცხადა ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის პრეზიდენტმა, პასკალ ტეშიმ.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მერაბ ბაზაძემ აღნიშნა, რომ ტურნირის საქართველოში ჩატარებას ქვეყნის მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

“ამას ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამაყი ვიყავი, რომ გავბედე და 42 ქვეყანას შორის მოვითხოვე, კანდიდატურა დავაყენე და მთელი ევროპა ტაშით შეგვეგება. უხარიათ საქართველო – ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ 42 ქვეყანას შორის ყველაზე გაბედულები აღმოვჩნდით, რადგან ფარიკაობა რთული ჩასატარებელი ტურნირია და ჩვენ ამას შევძლებთ,” – აღნიშნა მერაბ ბაზაძემ.

ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივნის, ნინო ჯენერაშვილის თქმით, ტურნირის საქართველოში ჩატარება ხელს შეუწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერი სპორტსმენების გამოვლენას.

“ვამაყობ იმით, რომ საქართველოში გაიმართება 2026 წლის კადეტების და იუნიორების ევროპის ჩემპიონატი. ევროპის 42-მა ქვეყანამ დაგვიჭირა მხარი და ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი ფარიკაობის ფედერაციისთვის და სრულიად საქართველოსთვის, რადგან ხელი შეეწყობა როგორც ღირსეული სპორტსმენების გამოვლენას, ისე ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას,” – განაცხადა ნინო ჯენერაშვილმა.