ქართველმა ხმლითა და დაშნით მოფარიკავეებმა საჩვენებელი ბრძოლები გარე სივრცეში ჩაატარეს.
მაყურებლებმა საკუთარი ძალები გამოცადეს და ფარიკაობის ტექნიკას გაეცნენ.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ფარიკაობის ფედერაციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას საქართველოში 20-30 ივლისს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს.
ფარიკაობის ფედერაციის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თიკა ყამარაულის თქმით, ღონისძიების მიზანია საზოგადოებას დიდი ტურნირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.
“ჩვენმა მოფარიკავეებმა იფარიკავეს. საზოგადოების მხრიდანაც დიდი ინტერესი მოყვა, ჩართულობა. საკუთარი ძალებიც გამოცადეს და ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ დიდი ტურნირის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს”, – აღნიშნა თიკა ყამარაულმა.
საკუთარი განწყობა დააფიქსირეს ღონისძიებაში მონაწილე მოფარიკავეებმაც. დანიელ ჭეიშვილის თქმით, საზოგადოებას ფარიკაობის ზოგადი წესების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
“ბავშვებს ვასწავლეთ ზოგადი წესები და საიდან იყო წამოსული ფარიკაობა”, – განაცხადა დანიელ ჭეიშვილმა.
მოფარიკავე საბა გოგოხიამ კი, საქართველოში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაამახვილა ყურადღება.
“ისტორიაში პირველად, საქართველოში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი. ბევრ ადამიანს ეცოდინება და გვერდში დაგვიდგებიან”, – აღნიშნა საბა გოგოხიამ.