მედია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა.

491299f8 80b4 4426 9b33 c2a5c1a78d50 scaled

მთავრობის მეთაური ხმლით ფარიკაობაში ქართველი სპორტსმენის ასპარეზობას და დაჯილდოების ცერემონიას პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

სანდრო ბაზაძე ფინალში ფრანგ მეტოქეს დაუპირისპირდა და ანგარიშით – 15:9 გაიმარჯვა.

პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს „თბილისი არენა“ მასპინძლობს. პრემიერ-მინისტრი ჩემპიონატის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო, რომლის მონაწილეებს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა აბდელმონემ ელ-ჰუსეინმა. ტურნირში 120 ქვეყნის 1205 მოფარიკავე მონაწილეობს.