თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატის ფარგლებში სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე პირველ მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ დონალდ ენტონისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელ ჯენიფერ იამინს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობის შესახებ და აღნიშნეს, რომ საქართველომ, მსგავსად მასშტაბური ღონისძიების პირველად მასპინძლობის მიუხედავად, შესანიშნავად გაართვა თავი ამ გამოწვევას და ყველა სპორტსმენი კმაყოფილია მასპინძლობით.
შეხვედრას ესწრებოდა ვეტერანი მოფარიკავე და მწვრთნელი არჩილ ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად ამერიკის ფარიკაობის ნაკრების წევრებს წვრთნის. მინისტრმა შალვა გოგოლაძემ არჩილ ლორთქიფანიძე ქართულ ფარიკაობასა და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ. ფინალში მან ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი ანგარიშით 15:9 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა. ის პირველი ქართველი ხმლით მოფარიკავეა, რომელმაც ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ტურნირში 120 ქვეყნის 1205 ქალი და მამაკაცი მოფარიკავე მონაწილეობს; ჩემპიონატი დაშნაში, რაპირასა და ხმალში მიმდინარეობს; ასპარეზობები როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ შეჯიბრებებს მოიცავს. მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.