ონლაინ გამოცემა “Inside the Games” , რომელიც ოლიმპიური კომიტეტისა და ფარიკაობის ფედერაციების საქმიანობას აშუქებს, თბილისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით სტატიას სათაურით “თბილისი 2025- ახალი ეპოქა ფარიკაობისთვის” აქვეყნებს.
სტატიაში ვკითხულობთ- “თბილისი 2025-ის ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის FencingTV.com-ის ოფიციალური გახსნა — ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ახალი სტრიმინგ პლატფორმა, რომელიც შეცვლის წლების განმავლობაში მოქმედ YouTube არხს და შექმნის უფრო ცენტრალიზებულ, პროფესიონალურ და ინტერაქტიულ გამოცდილებას ფარიკაობის საზოგადოებისთვის.
პრიზების ჯამური ფონდი თითქმის 900,000 ევროა, მონაწილეობს 985 სპორტსმენი 115 ქვეყნიდან და ამასთან ერთად იხსნება ახალი პლატფორმა — FencingTV.com. საქართველო მასპინძლობს თავის პირველ, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს სენიორებში-ტურნირს, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთი უძველესი ოლიმპიური სპორტის განვითარების, მოდერნიზებისა და ახალი ამბიციის სიმბოლოს.
სამშაბათიდან თბილისის ისტორია ახალი მიღწევით შეივსო: პირველად, საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს — წლის უმნიშვნელოვანეს ტურნირს უფროსთა კატეგორიაში, რომელიც გაიმართება 30 ივლისამდე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია (FIE) საქართველოს ფარიკაობის ფედერაციასთან თანამშრომლობით.
ჩემპიონატში მონაწილეობს 1200-მდე სპორტსმენი 115 ქვეყნიდან — ქალები და მამაკაცები ასპარეზობენ სამივე სახეობაში: დაშნაში, რაპირასა და ხმალში, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ შეჯიბრებებში. ეს საქართველოსთვის პირველი შემთხვევაა, როდესაც მასპინძლობს ფარიკაობის უფროსთა მსოფლიო ჩემპიონატს — შეჯიბრებას, რომელიც განკუთვნილია ოლიმპიური ასაკის სპორტსმენებისთვის და განსხვავდება ახალგაზრდული, კადეტებისა და ვეტერანების ჩემპიონატებისგან, რომლებიც 40 წელზე უფროსი ასაკის მოფარიკავეებისთვის ტარდება.
ეს არის აგრეთვე პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობის პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ. ტურნირი წარმოადგენს გარდამტეხ მომენტს საერთაშორისო კალენდარში: სრული სეზონის — ცხრა გრან პრის (სამი თითო იარაღში, ორივე სქესისთვის) და 20-ზე მეტი უფროსთა მსოფლიო თასის შემდეგ, თბილისი 2025 ერთდროულად ასრულებს ერთ საკონკურენტო ციკლს და სიმბოლურად ხსნის შემდეგს — უკვე ლოს ანჯელეს 2028-ის პერსპექტივით.
ფარიკაობა — სპორტი, რომელსაც ღრმა ევროპული ფესვები აქვს და განსაკუთრებით ძლიერი ტრადიცია საფრანგეთში — რჩება ერთ-ერთ იშვიათ სახეობად, რომელიც წარმოდგენილი იყო ყველა თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებზე ათენი 1896-დან დღემდე. ეს ისტორიული უწყვეტობა კიდევ უფრო ამძაფრებს მის სიმბოლურ წონას ოლიმპიურ პროგრამაში.
თბილისს მასპინძლობის უფლება ოფიციალურად მიენიჭა 2023 წლის ნოემბერში, კაიროში გამართულ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ წარადგინა ძლიერი განაცხადი — მათ შორის აუდიოვიზუალური მასალითა და პრეზენტაციით, რომელმაც ეროვნული ფედერაციების უმეტესობა დაარწმუნა, რომ ხმა მათთვის მიეცათ.
გახსნის ცერემონია დაგეგმილია 25 ივლისს, და საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია გვპირდება, რომ ეს იქნება დაუვიწყარი დღესასწაული. ღონისძიებას მხარს უჭერენ მასპინძელი ქვეყნის სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ხოლო პარალელურად დაგეგმილია კულტურული პროგრამა — ექსკურსიები ბუნებრივ ლანდშაფტებზე, ისტორიულ მემკვიდრეობასა და ღვინის მარშრუტებზე.
თბილისი 2025 ისწრაფვის, რომ არ იყოს მხოლოდ მაღალი დონის სპორტული ღონისძიება, არამედ გახდეს პლატფორმა, რომელიც შეუწყობს ხელს ფარიკაობის გლობალურ განვითარებას, გამჭვირვალობასა და მოდერნიზაციას. პროფესიული სტრუქტურა, ტექნოლოგიური ინოვაციები, ინკლუზიური პროგრამები და მასპინძელი ქვეყნის მხადაჭერილი მასშტაბური ინვესტიცია — სწორედ ეს ქმნის ჩემპიონატს, რომელიც სპორტის მომავალში ახალ სიტყვას იტყვის