ფარიკაობაში კადეტებსა და იუნიორებს შორის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. შეხვედრა გაიმართა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის წარმომადგენლებსა და ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის სპორტულ და ტექნიკურ დირექტორს, იულიუს კრალიკს შორის. მხარეებმა “ჰუალინგ პლაზაში” მდებარე დარბაზი მოინახულეს, სადაც ტურნირის ჩატარება იგეგმება და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
“ვემზადებით კადეტების და იუნიორების ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც გაიმართება თებერვლის თვეში, 20 თებერვლიდან 2 მარტამდე. მსოფლიო ჩემპიონატის მერე, ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირი. თუმცა, იანვრის თვეში ვმასპინძლობთ მსოფლიო თასებს”, – განაცხადა ფარიკაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, ნინო ჯერენაშვილმა.
ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის სპორტული და ტექნიკური დირექტორის, იულიუს კრალიკის განცხადებით, მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო და ფიქრობს, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე ჩაივლის.
“მინდა, ქართულ მხარეს მადლობა გადავუხადო, რადგან ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის კარგი ადგილი შეიქმნა. გავეცანი მიმდინარე სამუშაოებს და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, ყველაფერი მაღალ დონეზე ჩაივლის”, – განაცხადა იულიუს კრალიკმა.