მერაბ ბაზაძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
მერაბ ბაზაძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
18-08-2020
მერაბ ბაზაძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს - მერაბ ბაზაძეს, სპორტის სფეროში სახელმწიფოს უმაღლესი წოდება - სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

სპორტის რაინდის წოდებით და შესაბამისი მედლით, მერაბ ბაზაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მიხეილ ჩხენკელმა 18 აგვისტოს გამართულ ცერემონიაზე, ოლიმპიური ჩემპიონის - ნუგზარ ასათიანის სახელობის ახლადგარემონტებულ ფარიკაობის დარბაზში დააჯილდოვა.

სპორტის რაინდის წოდება მერაბ ბაზაძეს, საქართველოში ფარიკაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა.

მინისტრმა, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან, ფედერაციის წარმომადგენლებთან და ვეტერან მოფარიკავეებთან ერთად, სრულად რეაბილიტირებული ფარიკაობის დარბაზი დაათვალიერა და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების საჩვენებელ ვარჯიშს დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ ფარიკაობის დარბაზს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა და კეთილმოეწყო სავარჯიშო სივრცე, გარემონტდა გასახდელები და საშხაპეები, დარბაზის გარე ფასადი კი ოლიმპიური სიმბოლიკითა და „ოლიმპიელი მუშკეტერების“ სახელებით გაფორმდა.

ფარიკაობის ფედერაციამ სამინისტროს დახმარებით ასევე ახალი ინვენტარი მიიღო, რომელიც ფედერაციის გადაწყვეტილებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის ქვემო ქართლის, აჭარისა და გურიის, ასევე ქუთაისისა და ზესტაფონის ფარიკაობის სკოლებს გადაეცათ.