სერგი ხატიაშვილი – საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი
სერგი ხატიაშვილი – საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი
19-06-2020
სერგი ხატიაშვილი – საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი

მას შემდეგ რაც მერაბ ბაზაძე, გასული წლის ნოემბერში საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, ფარიკაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ვაკანტური გახდა.

თებერვალში ამ პოსტზე სერგი ხატიაშვილი დაინიშნა, რომელიც ქართული ფარიკაობის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობია.

37 წლის სერგიმ მთელი ცხოვრება ფაქტიურად ფარიკაობას მიუძღვნა, მხოლოდ 6 წლის იყო, როდესაც ოლიმპიური რეზერვების სკოლაში ფარიკაობაზე დაიწყო სიარული, ვარჯიშობდა გიორგი მეიფარიანთან. უკვე 14 წლიდან საქართველოს დაშნით მოფარიკავეთა ნაკრების წევრი გახლდათ. მიუხედავად შიდა შეჯიბრებებში წარმატებებისა, იმ პერიოდში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე საერთაშორისო ტურნირებში წარმატება კი არა მონაწილეობა იყო პრობლემა, ამიტომ აქტიურ ფარიკაობას ადრეულ ასაკში დაანება თავი, თუმცა ფარიკაობიდან არ წასულა და 26 წლის ასაკში მწვრთნელობა დაიწყო.

2013 წლიდან მწვრთნელის კარიერა კუვეიტში გააგრძელა, პირველ წარმატებას მალე მიაღწია, მისმა მოწაფეებმა აზიის ჩემპიონატებში სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს, მთავარი კი აბდულაზიზ ალშადის რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გახლდათ, სერგის კუვეიტელმა შეგირდმა ურთულესი შიდა კვალიფაკაცია გაიარა და საბოლოოდ  დაშნით ფარიკაობაში აზიის სალიცენზიო ტურნირი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პერიოდში 2013-16 წლებში, იტალიაში ფარიკაობის სამაგისტრო სკოლა გაიარა და საერთაშორისო უმაღლესი კვალიფიკაციის მწვრთნელის წოდება მიენიჭა.

2017 წელს სერგი ხატიაშვილი საქართველოში დაბრუნდა და თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს დაშნით მოფარიკავეთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი გახლდათ. იმავე წლის შემოდგომაზე ისევ კუვეიტში დაბრუნდა და იქაც იგივე თანამდებობაზე გააგრძელა მუშაობა.

მიმდინარე წლის თებერვალში სერგი ხატიაშვილი კვლავ სამშობლოში დაბრუნდა და უკვე ახალ თანამდებობაზე განაგრძობს მუშაობას. ძალიან საინტერესოა მისი ხედვა საქართველოში ფარიკაობის განვითარებაზე, რომელსაც მოკლედ გაგაცნობთ:

„სპორტული ოსტატობის სრულყოფის სამოქმედო გეგმა“

სამოქმედო გეგმის პერიოდი: 10 წელი.

სამოქმედო გეგმის ძირითადი ამოცანები:

  1. ბავშვების შემოქმედებითი და სპორტული შესაძლებლობების ჩამოყალიბება და განვითარება. მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური გაუმჯობესებისათვის.
  2. ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების კულტურის ჩამოყალიბება.
  3. საზოგადოებაში ცხოვრებისა და ადაპტირების უნარის ფორმირება, პროფესიული ხელმძღვანელობა.
  4. ნიჭიერი ბავშვების შერჩევა, რომლებმაც სპორტულ თამაშებში გამორჩეული შესაძლებლობლობები და უნარები გამოავლინეს.

სამოქმედო გეგმის მიზნები:

  1. ნიჭიერი ბავშვების შერჩევა
  2. ფიხიკური აღზრდისა და ჯანსაღი პირობების შექმნა
  3. ბავშვების აღზრდა და განვითარება

მრავალწლიანი სასწავლო სისტემის სტრუქტურა:

  1. საწყისი მომზადების ეტაპი – 3 წელი
  2. საბაზისო-სასწავლო ეტაპი – 2 წელი
  3. სპორტული სპეციალიზაციის ეტაპი – 3 წელი
  4. სპორტული ოსტატობის სრულყოფის ეტაპი – 2 წელი

ეს „სპორტული ოსტატობის სრულყოფის სამოქმედო გეგმის“ მხოლოდ ძალიან მოკლე ნაწილია. გეგმას საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელთა მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს და გეგმის ზედმიწევნით შესრულება მალე შედეგსაც მოიტანს.

წარმატება საქართველოს ფარიკაობის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რომელსაც უახლოეს პერიოდში იტალიაში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე სწავლის გაგრძელება აქვს დაგეგმილი.